Search
Close this search box.

რა სერვისები მოქმედებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი პირები, დევნილობისა და შესაძლებლობათა შეზღუდვის გამო, ორმაგად განიცდიან მოწყვლადობას და სხვებზე მეტად აწყდებიან სირთულეებს არა მხოლოდ იძულებით გადაადგილების, არამედ ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოწვევების, არასტაბილურობის, არაადაპტირებული გარემოსა და პროგრამების/სერვისების მისაწვდომობის მიზეზებით. 

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილ პირთა მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობს და მათ მხარდამჭერ პროგრამებს ცალკე ან ადგილობრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ინტეგრირებულად ახორციელებს ხშირად, დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ აღწერილი რეალობა პროგრამებში აღწერილ რეალობას სცილდება. 

რაზე საუბრობენ დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები?

დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განსაკუთრებით მწვავედ ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და დასაქმების/ბიზნეს ხელშეწყობის, არაადაპტირებული საცხოვრისის  და სხვა საკითხები დგას. 

ისინი ხშირად საუბრობენ: 

  • სოციალური დახმარების მოხსნის უსამართლო მიზეზებსა და ქულების არასწორ მინიჭებაზე;  
  • შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიღებასათან დაკავშირებულ ბიუროკრატიულ მექანიზმებზე;
  • დამხმარე საშუალებების, ერთჯერადი დახმარებების მიღებისა და შინმოვლის პროგრამით სარგებლობის სირთულეებზე; 
  • თერაპიის პროგრამაში ჩართული აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სხვა პროგრამებით სარგებლობის შეზღუდვაზე; 
  • საცხოვრებელი ადგილების გაუმართავ და სტანდარტებს აცდენილ ინფრასტრუქტურაზე; 
  • სხვადასხვა სერსვისებზე ინფორმაციისა და საკუთრივ, მათი მხარდამჭერი პროგრამებით სრული სარგებლობის ხელმიუწვდომლობაზე და სხვა. 

როგორ უნდა გაიგონ დევნილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა მათ მხარდამჭერ პროგრამებზე ინფორმაცია?

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გვერდზე მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა ამბულატორიული დახმარების 2023 წლის პროგრამის შესახებ არის განთავსებული ინფორმაცია, რაც ძირითადად, სამედიცინო პროგრამებს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ მათგანში უპირატესობის მქონე ჯგუფებს შორის  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები არიან.

თუმცა, ვებგვერდზე არ არის ასახული: 

  • პროგრამით სარგებლობისთვის რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ დევნილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა მათთვის განკუთვნილი პროგრამებით სარგებლობისთვის;
  • შესაძლებელია თუ არა ონლაინ განაცხადის შეტანა  და პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
  • რეგიონებში მცხოვრებ დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს რეგიონების რომელ კლინიკებსა და დაწესებულებებში შეუძლიათ მიიღონ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებები თუ მხოლოდ თბილისშია მომსახურებების მიღება შესაძლებელი.

რა მომსახურებას სთავაზობს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს? 

სააგენტო საკუთარ გვერდზე განთავსებულ მომსახურებებში ცალკე არ გამოყოფს ამ კატეგორიის პირებს, გარდა ერთჯერადი ფულადი დახმარებისა (6 თვეში ერთხელ, თანხის ოდენობა არ არის მითითებული) და პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამებისა (2024 წლისათვის პროგრამისთვის დადგენილი ბიუჯეტია 100 000 ლარი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტისთვის ტრანპორტის თანხა ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს), თუმცა სატელეფონო საუბარში გავარკვიეთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სააგენტოს ყველა პროგრამაში ენიჭებათ უპირატესობა. 

ეს მომსახურებებია: 

  • საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით, საჭირო თანხის გამოყოფის მოთხოვნა; 
  • ერთჯერადი ფულადი დახმარების მოთხოვნა; 
  • საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით შევსებულ განაცხადში დოკუმენტაციის დამატება; 
  • საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით შევსებულ განაცხადში ოჯახის წევრის/წევრების ჩამატება/ამოღება; 
  • წერილობითი პასუხის მოთხოვნა მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ; 
  • შევსებულ განაცხადზე (აპლიკაცია) უარის თქმის მიზეზის გამოთხოვა; 
  • გაზიფიკაციისა და ელექტროფიკაციის მოთხოვნით განცხადების შემოტანა;
  • ახალშობილთათვის დევნილის სტატუსის მინიჭება;  
  • დევნილის სტატუსის მინიჭება/აღდგენის შესახებ განცხადების შემოტანა; 
  • დევნილთა ბაზაში არსებული მისამართის ცვლილება; 
  • დევნილის შემწეობის აღდგენის შესახებ განცხადების შემოტანა; 
  • საოჯახო ნომრიდან გამოყოფა; 
  • საცხოვრებელი ფართის დაკანონების მოთხოვნით განცხადების შემოტანა; 
  • მესაკუთრის თანხმობა დევნილ ან ეკომიგრანტ ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის მიყიდვის თაობაზე; 
  • ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის მოთხოვნით განცხადების შემოტანა;  
  • დევნილთა ბაზაში დაცული მონაცემების მიხედვით, ცნობის გაცემა – აღნიშნული სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლებში არ არის შესაძლებელი; 
  • დევნილის მოწმობის გაცემა – აღნიშნული სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლებში არ არის შესაძლებელი; 
  • დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ოქმის ასლის გამოთხოვა; 
  • დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბრძანების ასლის გამოთხოვა.  

ცენტრი ,,აფხაზეთი“

ცენტრი აფხაზეთში მცხოვრებ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ემსახურება. მის კუთვნილებაში მცირე ტიპის სასტუმროა, რომელიც სრულად ადაპტირებულია (მდებარეობს რუხში) და სადაც აფხაზეთიდან გადმოსულ პირებს, ერთი დღიდან ერთი კვირის განმავლობაში უფასოდ შეუძლიათ გაჩერება.  მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი უპირატესობას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს ანიჭებს, ზუგდიდში მცხოვრებ პირებსაც შეუძლიათ მიიღონ ცხელ ხაზზე მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია.

სიახლეები კანონმდებლობაში 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში 231-ე მუხლში ცვლილების თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებს  2023 წლის 1 იანვრამდე დაბადებული პირის მიმართ აქვთ და პირი, რომელიც ამ დრომდე არასრულწლოვანი იქნება, საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ოჯახის წევრებს არ გამოეყოფა და არ ექნება საცხოვრებლის ინდივიდუალურად მოთხოვნის უფლება. აგრეთვე, 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული პირი, რომლის დევნილი მშობლები გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალნენ უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორიც მის დევნილ მშობლებს უნდა მიეღოთ. ეს კანონი 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების მიხედვით (მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი): დევნილი ოჯახებისთვის ქირის თანხის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილება შესაბამისმა კომისიამ უნდა მიიღოს, რომლის საფუძველზე დევნილი ოჯახი ქირის თანხად მიიღებს თვეში არა უმეტეს 300 ლარს 3 თვიანი ვადით, თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს 1 წლამდე ვადით, მაგრამ არაუმეტეს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე, ბრძანება ძალაშია 2022 წლის 18 იანვრიდან. 

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის პროგრამაში შემდეგი ცვლილებები შევიდა: 

  1. გამარტივდა ელექტრო ეტლის ხელახლა მიღების პროცედურა და მისი მიღება უკვე მხოლოდ განცხადების საფუძველზეა შესაძლებელი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს პირადობის მოწმობისა და სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლები. შესაძლებელია ელექტრო ეტლის ხელახლა მიღება, სხვა ყოველგვარი დოკუმენტაციის/ფორმების  ხელახალი მოგროვებისა და წარგენის გარეშე. 

ნოზოლოგიებში დაემატა მიოპათიები და კუნთების სისუსტის გამომწვევი სხვა დაავადებები. ასევე, მუხლი 3-ის ვ პუნქტში ორი კიდურების (ან მეტი) მსხვილი სახსრების ანკილოზი ან მკვეთრი კოტაქტურა. 

რა პროგრამები ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დევნილი შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის?

  1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (საკვები პროდუქტებით დახმარება ერთჯერადად წლის განმავლობაში);
  2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს: 

ა) 18  წლამდე ასაკის შშმ და  მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის მქონე ბავშვებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით, გარდა მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე მყოფი უწყვეტ პროგრამაში ჩართული ბავშვებისა;

ბ) კომუნალური ხარჯების თანადაფინანსების მიზნით ფულადი დახმარება 25-25 (ოცდახუთი- ოცდახუთი) ლარის ოდენობით 4 თვის განმავლობაში;

გ) მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ავადმყოფთათვის მომვლელის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოვლის საზღაურის დაფინანსებას ყოველთვიურად 100  (ასი) ლარის ოდენობით;

დ) თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისის საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილობა (უფასო სერვისი).

     3.   დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (ერთჯერადი დახმარება 100 ლარი); 

  1. ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა: 
  • ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პაციენტების  და პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯების თანადაფინანსება, თითოეულს თვეში 100-150 (ასი-ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. სხვა მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრებში – ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტების (სარეიტინგო ქულით 65001-ზე ნაკლები), რომლებიც სწავლობენ მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ, აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში და პროფესიულ სასწავლებლებში, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება წელიწადში ერთხელ 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
  • დღის ცენტრების ქვეპროგრამაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების თანმხლებ პირთა ტრანსპორტირების თანადაფინანსება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები: 

  1. ძვირადღირებული გამოკვლევების თანადაფინანსება (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია), მომსახურების ღირებულება 500 ლარი და მეტია-თანადაფინანსებას არაუმეტეს 250  ლარისა, წელიწადში ერთხელ. 
  2. ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება (ოდენობა განისაზღვრება კომისიურად წელიწადში ერთხელ);  
  3. ძვირადღირებული მედიკამენტები, რომელთა ერთეულის ღირებულება შეადგენს 50 ლარს და ზევით (ლიმიტი, 150 ლარი), ონკოლოგიური ავადმყოფების (დაფინანსების ოდენობა 400 ლარი) დაფინანსებას წელიწადში ერთხელ; 
  4. სხვადასხვა სახის გონებრივი ჩამორჩენილობისა და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება/თანადაფინანსება (300 დან 500 ლარამდე ლიმიტი წელიწადში ერთხელ); 
  5. 18 წლის და მეტი ასაკის შშმ  (მკვეთრად გამოხატული) პირების სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება (500 ლარი, წელიწადში ერთხელ); 
  6. პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე 0-18 წლამდე შშმ პირების სამედიცინო ერთჯერადი სახარჯი მასალისა და მოვლის საშუალებების შესაძენი თანხით უზრუნველყოფა (ყოველთვიური დაფინანსება 200 ლარი); 
  7. 18 წლამდე ასაკის ბავშვების სასმენი აპარატის/პროცესორის ღირებულების თანდაფინანსება ( თითოელ ბავშვზე 15 000 ლარი); 
  8. 0–18 წლამდე კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბავშვებისთვის, იმპლანტის დამხმარე საშუალებების  ღირებულების დაფინანსება/თანადაფინანსება  (600 ლარი თითოეულ ბავშვზე).

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხშირად ვერ ახერხებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვას და საკუთარი უფლებების სათანადოდ ადვოკატირებას, რაც საბოლოო ჯამში, თემის ერთიანობასა და  მის სიძლიერეზე უარყოფითად აისახება.

 

ავტორი: ივეტა წითაშვილი

 

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.



გაინტერესებთ სხვა სიახლეები?

Skip to content