თანამედროვე გამოგონებები დღითიდღე გვიმტკიცებენ რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა. ისინი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას სიმარტივესა და მოქნილობას სძენენ. მაგალითად, გაჯეტები, რომლებიც უამრავ ფუნქციას ითავსებენ, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და კომუნიკაციის ძირითადი დამხმარე საშუალება გახდა. დაახლოებით ასეთივე ეფექტი აქვს ტექნოლოგიებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. სანამ ჩვენ ჯერ კიდევ საზოგადოების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმღებლობაზე ვსაუბრობთ, დანარჩენები ფიქრობენ რა ინოვაციური საშუალებებით უზრუნველყონ მათი ინკლუზია.
ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია თეთრი ხელჯოხის შესახებ, რომელიც უსინათლო და მცირემხედველ პირებს გადაადგილებისას ბარიერების აღქმის შესაძლებლობას აძლევს. თეთრი ხელჯოხის კიდევ უფრო თანამედროვე ვერსიას ჭკვიანი ხელჯოხი ჰქვია, რომელიც კომპანია WeWalk-მა შექმნა. ჭკვიან ხელჯოხს სახელურზე განთავსებული აქვს ულტრაბგერითი სენსორი, რომელიც მომხმარებელს გარკვეული ბრძანებების გაცემის შესაძლებლობას აძლევს. მოწყობილობა bluetooth-ის საშუალებით უკავშირდება მობილური ტელეფონის აპლიკაცია „WeWalk“-ს,[1] რომელსაც რამდენიმე ფუნქცია აქვს, მათ შორის, დაბრკოლებების აღქმის, მისამართების მოძიებისა და დამახსოვრების, ავტობუსის გაჩერებების მოძიების და ა.შ. თითოეული ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია ხელჯოხის სენსორზე ან მობილურ აპლიკაციაში თითის მარტივი დაკლიკებით. ვინაიდან ყველას გამოგვიყენებია GPS ნავიგაცია, როგორც უცნობ ადგილებში გზის გაკვლევის საშუალება ალბათ, მარტივად აღქმადია როგორ მუშაობს პროგრამა WeWalk. ჭკვიანი ხელჯოხის ხმოვანი სისტემა, ნავიგაციის ფუნქციის არჩევისას, საათის ისრის მიმართულების პრინციპით კარნახობს უსინათლო და მცირემხელველ პირებს საით არის ესა თუ ის ობიექტი. დაბრკოლებების აღქმის ფუნქციის გააქტიურების შემდეგ, როდესაც ადამიანი უახლოვდება დაბრკოლებას, ხელჯოხი აღიქვამს მას და მომხმარებელს ატყობინებს ვიბრაციის საშუალებით, თუმცა, კრიტიკოსების აზრით, ხშირად, განსაკუთრებით, სწრაფად სიარულისას, ვიბრაცია დაგვიანებულია და ზოგჯერ, ძალიან დაბლა მყოფ საგნებს ხელჯოხი ვერც კი აღიქვამს. [2]
ჭკვიანი ხელჯოხის ღირებულება, დაახლოებით, 600 დოლარია.
რევოლუციური პროდუქტი, სახელწოდებით – Exoskeleton, იგივე ეგზო-ჩონჩხი, ეტლით მოსარგებლეს წამოდგომის და გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს. „ეგზოჩონჩხი“ მობილობის შეზღუდვის მქონე პირთათვის დამხმარე მოწყობილობას წარმოადგენს. ეს ერთგვარი რობოტული კოსტუმია, რომელიც ამაგრებს წელს, ფეხებსა და ტერფებს. კოსტუმი გამოიყენება საყრდენ ჯოხებთან ერთად და ეხმარება ადამიანს ნაბიჯების გადადგმაში. იგი მოძრაობისას აღიქვამს ადამიანის წონის ცვლილებას და ზომავს, როდის უნდა გადადგას თითოეული ნაბიჯი. ამ გზით, ის მაქსიმალურად ახდენს ბუნებრივი სიარულის სიმულაციას. “ეგზოჩონჩხის” იდეა ბუნებიდან მოდის. უხერხემლოებს, კიბოსნაირებს, მწერებს და ობობებს არ აქვთ შინაგანი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, სამაგიეროდ, მათ აქვთ გარეგანი ჩონჩხი.
გარდა ხელახლა სიარულისას მიღებული ემოციური სარგებელისა, ეგზოჩონჩხს სხვა დადებითი მხარეც აქვს, რომელიც დგომისას ადამიანის კუნთების გააქტიურებაში გამოიხატება. მაგალითად, ზურგის ტვინის დაზიანების ან ინსულტის შემდეგ, ეგზოჩონჩხით გადაადგილება აჩქარებს მოძრაობის აღდგენის პროცესს, ზრდის კუნთებისა და ძვლის სიმკვრივეს, აუმჯობესებს შარდის ბუშტის მუშაობას. ეგზოჩონჩხის გამოყენება შეუძლიათ მოხუცებსაც სახსრების მუშაობის გასაუმჯობესებლად. ყველაზე ხშირად, ეგზოჩონჩხები ჯანდაცვის სექტორში გამოიყენება, კერძოდ, სარეაბილიტაციო მედიცინაში. ეგზოჩონჩხის გამოყენებით, საიმონ კინდლისიდესმა, რომელიც წელს ქვემოთ პარალიზებულია, ჯამში 160კმ-ზე მეტი გაიარა.[3]
ზოგადად, ორი სახის ეგზოჩონჩხი არსებობს: სამედიცინო და სამრეწველო. სამედიცინო ეგზოჩონჩხი ჩვეულებრივ რეაბილიტაციისთვის გამოიყენება, რათა დაეხმაროს პაციენტებს მობილობის აღდგენაში, ხოლო სამრეწველო ეგზოჩონჩხი ადამიანის მუშაობის ხარისხის გასაზრდელად გამოიყენება, ისეთ მძიმე სამუშაოებზე, სადაც ადამიანს დიდხანს დგომა ან მძიმე საგნების გამოყენება უწევს, მაგალითად, ფაბრიკა-ქარხნებში.[4]
ეგზოჩონჩხის ყველაზე დაბალი ფასი დაახლოებით, არის 55 000$, თუმცა, ვარაუდობენ რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტს მის შეძენას, ფასი დაიკლებს.[5]
დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს უნახავს ფილმი სუბტიტრების საშუალებით. წარმოიდგინეთ სუბტიტრებად ქცეული სამყარო, რომელსაც კიდევ ერთი ინოვაციური ტექნოლოგია გვთავაზობს. ეს არის ჭკვიანი სათვალეები სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირებისთვის, რომელიც აუდიო ხმებს სუბტიტრებად გარდაქმნის. სუბტიტრები გამოისახება სათვალის ლინზაზე და ხვდება მომხმარებლის მხედველობის არეში, ისე, რომ ის ახერხებს საუბრის ავტორის დანახვასაც. როცა თანამოსაუბრემ ჟესტური ენა არ იცის, სმენის არმქონე პირისთვის გამართული კომუნიკაციის დამყარება რთული და ზოჯერ შეუძლებელიც კი არის. XRAI სათვალეებს აღნიშნული ბარიერი მინიმუმამდე დაჰყავს. სათვალე გამოიყურება ისე, როგორც სტანდარტული სათვალე, თუმცა, ორი მინა აქვს. სახელწოდება XRAI იშიფრება როგორც XR- Extended Reality (გაფართოებული რეალობა) და AI – Artificial Inteligence (ხელოვნური ინტელექტი).
გარდა საუბრის ტრანსკრიფციისა, XRAI დროებით ინახავს საუბრის ჩანაწერს, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ვერ გაიგებს თანამოსაუბრის ნათქვამს, სათვალეს მისი თავიდან ჩვენება შეუძლია. სათვალის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ მათ ამ ჩანაწერებთან არანაირი წვდომა არ გააჩნიათ. სათვალეები შეიძლება გამოიყენოთ ტელევიზორის ყურების ან კინოში ყოფნის დროსაც.
იმისთვის რომ სათვალემ იმუშაოს, იგი უნდა იყოს დაკავშირებული ანდროიდ აპლიკაციასთან XRAI Glass. მოწყობილობა ცოტათი მოუხერხებელია იმ მხრივ, რომ ტელეფონი და სათვალე USB კაბელის საშუალებით უნდა იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან. ასევე, სათვალეების ტარება შეიძლება არ იყოს სასიამოვნო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ატარებთ კოხლეარულ იმპლანტს. გარდა ამისა, ჩვეულებრივი სათვალისგან განსხვავებით, სათვალეები შედარებით მძიმეა.[6]
XRAI სათვალეების ფასი დაახლოებით, 400 დოლარიდან იწყება, ხოლო აპლიკაციაში სხვადასხვა პაკეტის შესაძენად თანხა ცალკე უნდა გადაიხადოთ. მაგალითად, ერთდღიანი საუბრის ისტორიის შენახვა და ტრანსკრიფცია უფასოა, ხოლო ულიმიტო საუბრის ისტორიისთვის და პერსონალური ხელოვნური ინტელექტისთვის თქვენ თვეში 50$ უნდა გადაიხადოთ.
დღევანდელ რეალობაში კომპიუტერის თვალით მართვაც კი შეგიძლიათ! ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ზედა კიდურების შეზღუდვის მქონე პირების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ამიერიდან, მათ აქვთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად გამოიყენონ კომპიუტერი სხვადასხვა მიზნისთვის, იქნება ეს წერა, კითხვა, თამაში და ა.შ. ამ შემთხვევაში, არ გჭირდებათ მაუსი და კლავიატურა, რადგან უახლესი ტექნოლოგია გაძლევთ შესაძლებლობას საკუთარი კომპიუტერი მხოლოდ თვალით მართოთ. [7]მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერის ეკრანთან მაგრდება, იმახსოვრებს თქვენი თვალის გუგების გამოსახულებას, რის შემდეგაც, თქვენი თვალის გუგების მოძრაობით ახერხებთ კომპიუტერის კურსორის გამოძრავებას და სხვადასხვა ბრძანებების გაცემას. მოწყობილობის ფასები განსხვავდება და დაახლოებით, 400$-დან იწყება.
თუ ტექნოლოგიები კიდევ უფრო დაიხვეწება, ისინი მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრებაში. XXI საუკუნეში ყველა საშუალება არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი და ხარისხიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ამისთვის კი, ცოტაოდენი მონდომება და ზემოაღნიშნული საშუალებების სწორად გამოყენებაა აუცილებელი, რაშიც უმთავრესი როლი საზოგადოებას და სახელმწიფოს მიუძღვის.
ავტორი: ნონა ბერიძე
ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია”ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისშეხედულებებს.
[1] https://www.youtube.com/watch?v=N-w3B-No9Dg
[2] https://www.youtube.com/watch?v=oeOP-IGvK4M
[4] https://www.reuters.com/lifestyle/father-builds-exoskeleton-help-wheelchair-bound-son-walk-2021-07-26/
[5] https://www.bluebadgeinsurance.com.au/blog/will-the-exoskeleton-suit-replace-wheelchairs/
[6] https://www.wired.com/story/xrai-glass-caption-ar-glasses-first-look/
[7]https://www.tobiidynavox.com/pages/pceye#:~:text=PCEye%20is%20a%20compact%20eye,Windows%20computer%20with%20their%20eyes.