2024 წლის 9 ნოემბერს, თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თელავში“ ცნობიერების ამაღლების სემინარი ჩატარდა. სემინარის სამიზნე აუდიტორიას კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეული მოსამართლეთა თანაშემწეები წარმოადგენდნენ. შეხვედრას პროექტის იურისტები, რამინ მაჭარაშვილი და ქეთი სვანიძე უძღვებოდნენ.
სემინარის ფარგლებში განხილული თემები მოიცავდა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის განმარტებას; ტერმინოლოგიის გარკვევას (პრაქტიკული სავარჯიშოებით); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის მიდგომებს; ხელისშემშლელ ბარიერებს, სტერეოტიპებსა და საკანონმდებლო ბაზას; უნივერსალურ დიზაინს, გონივრულ მისადაგებას, სეგრეგაციას, ინტეგრაციასა და ინკლუზიას; ქცევასა და ეტიკეტს; საქართველოს კანონმდებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ; სასამართლო პროცესებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობასა და გონივრული მისადაგების მნიშვნელობას.
მონაწილეებმა ტრენერებს საკუთარი თავი გააცნეს და პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს, მათ შორის ისიც, ჰქონდათ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის გამოცდილება და რა კონტექსტში. სემინარის მსვლელობისას ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში, სვამდნენ კითხვებს და უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას.
შეხვედრა ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.