პირველ და ორ ივლისს ბათუმში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. 2-დღიან შეხვედრას სულ, 23 მონაწილე დაესწრო.
სემინარს ტრენერები ნონა ბერიძე და თომა კაკაბაძე უძღვებოდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხები, კონკრეტულად: ვინ ითვლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად; პოზიტიური და დისკრიმინაციული ტერმინები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ გამოიყენება; ქცევისა და ეტიკეტის ნორმები; ბარიერები, რომელსაც სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირები ყოველდღიურად აწყდებიან; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და ბავშვების საჭიროებები; სტერეოტიპები და ა.შ.
სემინარი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ორგანიზაციები “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ევროკავშირის ფინანსური მხარადაჭერით ახორციელებენ.