11 ივლისს ბათუმმა “ევროპის დღე 2026”-ს უმასპინძლა. ღონისძიება გაიმართა “ჰილტონში”, სადაც მრავალ პარტნიორ და მეგობარ ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენი სტენდიც იყო წარმოდგენილი.
დღის მანძლზე ჩვენთან მოსულ ვიზიტორებს შევთავაზეთ ბრაილის შრიფტის საკუთარი სახელის დაწერის ვორქშოფი, ასევე თვალებახვეული ხილის გამოცნობის კონკურსი. მონაწილეებს საჩუქრად გადავეცით ბრენდირებული ჩანთები, თერმო-ჭიქები და სტიკერები.

ინკლუზიის გზაზე ჩვენც ერთიანი ძალებითა და პარტნიორული მხარდაჭერით ვდგავართ. ბათუმის ევროპის დღეზე წარმოდგენილ სივრცეში ჩვენი თანამონაწილეობით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაჟღერდა მთავარი სათქმელი: თანასწორი უფლებები და შესაძლებლობები რეალურ ინკლუზიას საჭიროებს.

ამ უმნიშვნელოვანესი აქტივობის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ ის ყოველდღიური ბარიერები, რომელთა წინაშეც შშმ პირები დგანან – იქნება ეს ადაპტირებული სივრცეების ნაკლებობა, უთანასწორობა განათლებასა თუ დასაქმებაში, ჯანდაცვის სერვისებზე არასათანადო ხელმისაწვდომობა, თუ სოციალური ჩართულობისა და კომუნიკაციის გამოწვევები.

მოხარულები ვართ, რომ ამ პროცესში მხარდამხარ ვართ „შშმ ქალთა ალიანსთან“ რომელთა ინტერაქტიულმა ინსტალაციამ და სადისკუსიო კუთხემ დამთვალიერებელს არსებული პრობლემები ახლებურად დაანახა.

ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით, პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში, ჩვენ ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას იმისათვის, რომ ეს მწვავე გამოწვევები წარსულს ჩაბარდეს და თანასწორობა ყველასთვის ხელმისაწვდომ რეალობად იქცეს.

