2024 წლის 14 ნოემბერს Zoom-ის პლატფორმაზე ონლაინ ფორმატში, სამეგრელოს რეგიონული საკოორდინაციო ქსელის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ქსელის სამოქმედო გეგმის განხილვა, პროგრესის შეფასება და შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრა იყო, განსაკუთრებით კი, პერსონალური ასისტენტის პროგრამის კონტექსტში.
შეხვედრაზე განხილული იყო პერსონალური ასისტენტის და შინმოვლის მომსახურების პროგრამის განხორციელება, რეაბილიტაციის პროგრამების გაფართოება სხვადასხვა ასაკის პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სუბსიდირებული ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. სამეგრელოს ახალგაზრდა რეგიცულმა ოფიცერმა აღნიშნა ცნობიერების ამაღლების კამპანიები, მათ შორის, ადგილობრივი ტელევიზია „ოდიშისთან“ თანამშრომლობა, ასევე მუნიციპალიტეტებთან კორესპონდენცია პერსონალური ასისტენტის პროგრამის შესახებ.
ქსელის წევრებმა განიხილეს რეგიონში არსებული ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან პერსონალური ასისტენტის პროგრამის განხორციელებაში ჩაერთონ. ორგანიზაცია „ხელი ხელს“ აპირებს მომსახურების მიწოდებას აბაშასა და სენაკის მუნიციპალიტეტებში თუმცა, მთელი სამეგრელოს დაფარვა ვერ ხერხდება.
რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის განხილვისას აღინიშნა, რომ პროგრამის სრულად ათვისებას ხელს უშლის სხვადასხვა ბარიერები, მუნიციპალურ პროგრამებზე ინფორმაციის ნაკლებობა და ლოჯისტიკური სირთულეები. მონაწილეებმა შეთანხმდნენ, რომ ჩატარებულიყო გამოკითხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში, რათა გაეგოთ რეაბილიტაციის პროგრამის არასაკმარისი ათვისების მიზეზები. ასევე გადაწყდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გაეგზავნა მოთხოვნა მეორე კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ტრანსპორტირების დაფინანსების შესახებ.
შეხვედრის ძირითადი გადაწყვეტილებები მოიცავდა: მუნიციპალიტეტების მერებისგან მიღებული პასუხების გავრცელებას ქსელის ყველა წევრს შორის; ინფორმაციული ბარათების მომზადებას პერსონალური ასისტენტების შესახებ; Google-ში გამოკითხვის შექმნას რეაბილიტაციის პროგრამაზე; და წერილის მომზადებას მერისადმი სუბსიდირებული მუნიციპალური ტრანსპორტირების შესახებ.