პირველ აპრილს გორში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებთან და რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საუბარი შიდა ქართლის ახალგაზრდა რეგიონული ოფიცრის, ნიკა დონჯაშვილის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დროს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ დასახელებულ თემებს შეეხო.
შეხვედრაზე, ორგანიზაციების “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” და “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათის” თავმჯდომარეებმა, გიორგი ძნელაძემ და თომა კაკაბაძემ პერსონალური ასისტენტის სერვისზე, შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირის პოზიციის დანერგვასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ორგანიზაციები “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ევროკავშირის ფინანსური მხარადჭერით ახორციელებენ.
29-თვიანი პროექტი ითვალისწინებს ახალ საფეხურზე აიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების მოძრაობა, რათა მოხდეს ძალისხმევის კოორდინირება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების გაეროს კონვენციისა და კანონის განხორციელების დაჩქარება.